გამოქვეყნებულია: 11/10/2021

  არსებობს ფილოსოფიური მოძღვრებები, რომელთა გაცნობაც ამ ფილოსოფოსთა ცხოვრების გარეშე აზრსმოკლებულია (მაგალითად სოკრატე). ამის მსგავსად, გვხვდება წიგნებიც, რომელნიც მხოლოდ შინაარსით და თემატიკის აქტუალობით არ იქცევენ ჩვენს ყურადღებას მხოლოდ. მათი შემოქმედნი აგრეთვე ხვდებიან მკითხველის ცნობისმოყვარეობის არეალში. ეს განსაკუთრებით ითქმის გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წიგნზე – ,,თამაში ჭვავის ყანაში’’ და მის ავტორზე – ჯერომ სელინჯერეზე, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა და უკანასკნელი ათწლეულები განდეგილის მსგავსი ყოფით ცხოვრობდა. რატომ თქვა უარი სელინჯერმა საზოგადოებასთან აქტიურ კავშირზე? რატომ არ იძლეოდა ინტერვიუებს და მკაცრად ემიჯნებოდა შეხვედრებს? ეს დღემდე იდუმალებითაა მოცული მრავალთათვის, თუმცა ფაქტია, ოთხ კედელს შუა მოქცეულ მწერალს წერა არ შეუწყვეტია. მისი გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების გამოცემა ახლახან დაანონსა მისმა ოჯახმა.

   ,,თამაში ჭვავის ყანაში’’ ჟურნალმა ,,მონდმა’’ XX საუკუნის ას ყველაზე გავლენიან წიგნს შორის დაასახელა. დღემდე მისი მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული არაერთ ენაზე და ჩვენს დროშიც ინარჩუნებს უზომო პოპულარობას. ესაა რომანი, რომელიც არაა წარსულში მოთხრობილი ამბავი. იგი მუდმივი აწმყოა, რადგან დღევანდელი ადამიანი იმავე პრობლემების წინაშე დგას, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 1951 წელს, რომანის გამოქვეყნების დროს.

   მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადამიანი ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. თავისუფლების იდეა არსდროს ყოფილა ისეთი ინტერპრეტაციის საგანი, ვიდრე იმ დროს, რადგან ბირთვული კატასტროფის, კოლონიური რეჟიმების მსხვრევის, ცივი ომისა და ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული საფრთხის ფონზე, აუცილებელი იყო ინდივიდის გადარჩენა. პიროვნების მიერ საკუთარი მეობის შენარჩუნებაზე ჯერ კიდევ XIX საუკუნის ფილოსოფოსები წერდნენ (შტირნერი, კირკეგორი, შოპენჰაუერი, ნიცშე, ჰარტმანი...). ლიტერატურულმა სამყარომ არაერთი შედევრი შექმნა ადამიანისა და საზოგადოების ჭიდილზე, თუმცა ექსისტენციალისტებისგან განსხვავებით, სელინჯერის რომანი ყველასათვის გასაგები და ახლობელია. მას არც ,,ცნობიერების ნაკადის’’ მსგავსი სირთულე ახლავს, არც ექსპერიმენტული ძიებების კვალი. იგი პირველ პირში მოთხრობილი ამბავია, რომელიც თავს არ მოგვაბეზრებს ბიოგრაფიული დეტალებით. მხოლოდ იმას გვიამბობს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს და ამ ნაამბობში ვხვდებით მყიფე პროტეტს იმ ყველაფრისადმი, რაც შეუძლებელია არ აწუხებდეს ბევრს ჩვენს სინამდვილეშიც.

   ჰოლდენ კოლფილდს, ზოგი კრიტიკოსი ჰეკლბერი ფინს ადარებდა. მარკ ტვენის გმირმაც ხომ განუზომელი გავლენა მოახდინა თაობებზე. მისგან განსხვავებით, კოლფილდი 16 წლის ბიჭია, რომელიც სკოლიდან გარიცხვის შემდეგ ნიუ-იორკში ჩადის. ,,დიდი ვაშლის’’ სურნელი თავდაპირველად მასზე გამაბრუებლად მოქმედებს. აქ ვერ აღმოვაჩენთ ვერც ანტიკური ოდისევსის მსგავს თვალწარმტაც და მომაჯადოებელ თავგადასავალს, ვერც თანამედროვე ულისეს სადარ მონოტონურ ყოფას, თუმცა შევხვდებით იმას, რასაც ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის იმეტებს – ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობა სავსეა იმედგაცრუებით, სიყალბით, გაიძვერობით. სიცრუითა და ეგოცენტრული ურთიერთობების ორომტრიალში, კოლფილდი შვებას პოულობს საკუთარ პატარა დაში, რომელსაც ფიბი ჰქვია.

   ,,თამაში ჭვავის ყანაში’’ ის წიგნია, რომელსაც არასდროს მოკლებია არც კრიტიკოსები, არც მაქებარნი. რომანს ძირითადად ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებდნენ. ეს განწყობა არ გაგვიკვირდება, თუ გავიხსენებთ, რომ გაცილებით ადრე ლამის სასამართლო პროცესებს უწყობდნენ ტოლსტოის, ფლობერისა თუ ზოლას რომანებს, ,,ამხელდნენ’’ რა მათ სხვადასხვა უზნეობაში, უმართებულო იდეების დანერგვაში. წიგნის აკრძალვა, ცენზურა, აუტოდაფეს მოწყობა ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა და საუკუნეები დაჭირდა იმ სივრცის მიღწევას, სადაც მწერალი, ნაწარმოები და მკითხველი უშიშრად იდგებიან ერთმანეთის გვერდით. სელინჯერის რომანი ამის ნათელი დასტურია. მან არა მხოლოდ გადალახა აკრძალვით მიყენებული ბარიერი, არამედ ბევრად გაუსწრო თანამედროვეობას და კვლავ ელოდება ათასობით ადამიანს, რომელნიც მისი გაცნობით აღარ მოისურვებენ ყველაფრისადმი ტაშის დაკვრას, რასაც გუშინ ზეიმით ეგებებოდნენ.

   ,,წარმოვიდგენდი ხოლმე რო ათასობით ბავშვი თამაშობს ჭვავის ყანაში, ერთმანეთს დასდევენ და არც ერთი უფროსი ვინმე მათთან არაა, მარტო მე ვარ იქ და ყანის მიჯნაზე, ზედ კლდის პირას ვდგავარ. იქით კიდე უფსკრულია. მთელი ჩემი საქმეც ეგ არი – რომელიმე ბავშვი რო იქით გაიქცევა, უფსკრულისაკენ, დროზე უნდა ჩავავლო ხელი და არ გავუშვა. ეგაა მთელი ჩემი საქმე – დამჭერად ვმუშაობ ჭვავის ყანაში. აი ეგ მინდა რო ვიყო. ვაფრენ, ხო იცი’’ – ვკითხულობთ რომანში და შემდეგი აზრი გვებადება: იქნებ ადამიანის მისიაც სადარაჯოზე დგომაა, ხელი რომ შეაშველოს გადასაჩეხად განწირულებს? მაგრამ რამდენად მიიღებს თავად ადამიანი იგივე ხელის გაწვდენას სხვისგან? აქაა კოლფილდის მარტოსულობისა და სევდის საიდუმლო, რომელთან თანაზიარიც არაერთი მკითხველია ამქვეყნად.


თეიმურაზ თათარაშვილი